(c) სოლიტერის ბლოგი; 29 დეკემბერი, 2010

მაშინ, როდესაც ბიძაჩემი
რიგრიგობით ჟიმავდა ციხეში ბიჭებს და ამით ამაყობს,
არაკაცს მეძახიან მე
იმიტომ რომ ბიჭი მიყვარს,
ბიძაჩემი კი თურმე კაცია,
იმიტომ რომ ნაციხარია, თან ეშმაკია
მატყუარაა და ქურდი.
მაშინ, როდესაც ჩემი ძმა კლასელებსა და უბნელებს უნამუსოდ ახევდა ფულს
არაკაცს მეძახიან მე
იმიტომ რომ ბიჭი მიყვარს
ჩემი ძმა კი თურმე კაცია,
იმიტომ რომ ზუსტად თამაშობს არა საკუთარ თავს, არამედ საზოგადოების მიერ შეთითხნილი კაცის როლს.

მაშინ, როდესაც მეორე ბიძას შეუძლია წიხლქვეშ გაიგდოს ცოლი და შვილი,
არაკაცს მეძახიან მე
იმიტომ რომ ბიჭი მიყვარს
ჩემი მეორე ბიძაც თურმე კაცია,
იმიტომ რომ საზოგადოებამ კარგად დააზუთხინა სუფრაზე სათქმელი “მანდილოსნის” სადღეგრძელო, რომელსაც წინა დღეს ნაცემი ცოლის თამადობით სვამს.

მაშინ, როდესაც ჩემი შეყვარებულის მამა და ძმა არაფრისშემქმნელი ფუტლიარები არიან
არაკაცს ეძახიან ჩემს შეყვარებულს
იმიტომ რომ მე ვუყვარვარ
მისი მამა და ძმა კი თურმე კაცები არიან, იმიტომ რომ, არავინ იცის ჰქონიათ თუ არა მათ სექსი ბიჭთან.

მაშინ, როდესაც ჩემს უბნელ 15 ბიჭს შეუძლია სიკვდილამდე სცემოს ადამიანი,
არაკაცს მეძახიან მე
იმიტომ რომ ბიჭი მიყვარს
ისინი კი თურმე კაცები არიან, იმიტომ რომ განათლების გარეშე დარჩენილებმა, უბანში ყვერების ფხანვისას დაიმუშავეს კუნთები.

როცა ყველანი ფარისევლობის მძღნერში ყვინთავენ და საკუთარ თავთანაც კი ვერ არიან გულწრფელები,
არაკაცს მეძახიან მე,
იმიტომ რომ არ დავმალე რომ ბიჭი მიყვარს
ისინი კი თურმე კაცები არიან, რადგან კარგად ასრულებენ იმავე მძღნერში მყვინთავი რეჟისორების მიერ დაკისრებული ზომბების როლებს.

ხოდა, თუკი ტყუილი, ქურდობა, უნამუსობა, ქალების ცემა, არაადამიანურობა, აგრესია და ძალადობა, უსაქმურობა და გაუნათლებლობა, ფარისევლობა და მხოლოდ სადღეგრძელოებში გაცხადებული კაცობა – კაცობაა,
და თუკი სიყვარული არაკაცობაა
მაშინ ვამაყობ, რომ მე ვარ ყველაზე დიდი არაკაცი მთელ მსოფლიოში.

(არცთუ ისე ანონიმური ავტორისგან)

NOT just another WordPress Gay! :)


თან მოკლედ მინდა დავწერო, თან ვიცი, მაინც ბევრი ლაპარაკი გამომივა. ყველაზე მარტივად რომ ვთქვა, “ერთი უბრალო ბიჭი” არ ვარ, რაკიღა მგონია, რომ დედამიწაზე არ არსებობს “ერთი უბრალო ადამიანი”. ყველანი ცოცხალი არსებები ვართ, ჩვენ-ჩვენი ტვინებით, აზროვნებით, შეხედულებებითა და გატაცებებით, ჩვენ-ჩვენი ფერებითა და მრავალფერებით. ამ მრავალფერებით სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაც-რუღაცეებს ვაკეთებდი. 12-13 წლიდან ვწერდი მოთხრობებს სასკოლო ლიტერატურულ ჟურნალებში, ვმონაწილეობდი ფოტო-გამოფენებში, მერე გაზეთ “რეზონანსში” – საზოგადოებრივ თემებზე. მერე ჟურნალ “ოზონში” – მუსიკაზე, მერე TBC ბანკში – “ვანვადებდი”, მერე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს როკ-მომღერალთან, იან გილანთან მქონდა “პაემანი” რომლის წყალობითაც “ლოკომოტივ პრომოუშენში” გადავედი პრომოუტერად და საქართველოში როკ-ჯგუფების ჩამოყვანაზე დავიწყე ფიქრი. პარალელურად “მუზამე“-ც დავაარსე მეგობრებთან ერთად, დღემდე ერთადერთი მუსიკალური ინტერნეტ-ჟურნალი საქართველოში. მერე იყო “ტაბულა” და კიდევ უფრო მერე, “ლიბერალის” ბლოგერობა.

რა საჭიროა ეს ყველაფერი? ისე, უბრალოდ მინდა წარმოდგენა შეგიქმნათ ვის ნაწერებს წაიკითხავთ ამ ბლოგზე. ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე იმის გააზრება, რომ ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ჯემ-სეიშენია, სპონტანური, დაუგეგმავი ამბების კრებული, როცა მე თვითონაც კი არასდროს ვიცი რა მოხდება ან რას ვიზამ; როცა ერთადერთი, რასაც წინასწარ ვგეგმავ – მაღვიძარაა, რომელსაც ცხადია, კაცმა არ იცის როდის დაუჯდება ელემენტები და საერთოდ, გამაღვიძებს თუ არა დაგეგმილ დროს. რაღათქმაუნდა ჩემი ასეთი დამოკიდებულება არავის მოსწონს, ეს დღის განმავლობაში მოსმენილ წუწუნებზეც აისახება, თუმცა გამოსწორებას მაინცდამაინც არ ვცდილობ. არც ვთვლი, რომ გამოსასწორებელი მაქვს რაიმე. ადამიანებმა ისედაც ზედმეტად გავირთულეთ და გავახელოვნურეთ ცხოვრება და ურთიერთობები. აი მაგალითად, დადგით რუსთაველის გამზირზე ოთხფეხა ხის სკამი და კითხეთ გამვლელებს, რა შინაარსობრივ დატვირთვას მიანიჭებდნენ ამ სკამს? უამრავ ინტერპრეტაციებთან ერთად აუცილებლად იტყვის ვინმე, რომ ეს არტია, ეს პერფორმანსია, ეს ხელოვნებაა, ეს უაზრობაა, ეს მაღალი არტია, დაბალი არტია, თანამდებობის სიმბოლოა, ტოტალიტარიზმის ნიშანია… დარწმუნებული იყავით, ცოტა თუ იტყვის, რომ სკამი, უბრალოდ სკამია. ასე, ართულებენ ადამიანები ცხოვრებას იქამდე, რომ ჩვეულებრივი ხის სკამიც კი შეიძლება გახდეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი.

ხოდა, ამ ბლოგზეც ასეთ “სკამებზე” მინდა ვწერო, სკამზე, როგორც სკამზე. ვწერო მათთვის, ვისთვისაც ადამიანი არ არის გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი, ტრანსვესტიტი, დრეგ ქუინი, დრეგ ქინგი, სომეხი, ქართველი, მართლმადიდებელი, კათოლიკე, შავკანიანი თუ წითური… ვწერო მათთვის, ვისთვისაც ადამიანი უბრალოდ ადამიანია. სხვა დანარჩენი “ნიშან-თვისებები” კი ერთ-ერთი ფერია იმ პალიტრაზე, რომელსაც ჩვენი, ადამიანის ცხოვრების მოსახატად ვიყენებთ.

მაინც გრძლად გამომივიდა?

მოკლედ, გიორგი კიკონიშვილი ვარ, ამ ბლოგის ავტორი, ჩემი ფერებით და ჩემი მრავალფერებით!:)