NOT just another WordPress Gay! 🙂

თან მოკლედ მინდა დავწერო, თან ვიცი, მაინც ბევრი ლაპარაკი გამომივა. ყველაზე მარტივად რომ ვთქვა, “ერთი უბრალო ბიჭი” არ ვარ, რაკიღა მგონია, რომ დედამიწაზე არ არსებობს “ერთი უბრალო ადამიანი”. ყველანი ცოცხალი არსებები ვართ, ჩვენ-ჩვენი ტვინებით, აზროვნებით, შეხედულებებითა და გატაცებებით, ჩვენ-ჩვენი ფერებითა და მრავალფერებით. ამ მრავალფერებით სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაღაც-რუღაცეებს ვაკეთებდი. 12-13 წლიდან ვწერდი მოთხრობებს სასკოლო ლიტერატურულ ჟურნალებში, ვმონაწილეობდი ფოტო-გამოფენებში, მერე გაზეთ “რეზონანსში” – საზოგადოებრივ თემებზე. მერე ჟურნალ “ოზონში” – მუსიკაზე, მერე TBC ბანკში – “ვანვადებდი”, მერე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს როკ-მომღერალთან, იან გილანთან მქონდა “პაემანი” რომლის წყალობითაც “ლოკომოტივ პრომოუშენში” გადავედი პრომოუტერად და საქართველოში როკ-ჯგუფების ჩამოყვანაზე დავიწყე ფიქრი. პარალელურად “მუზამე“-ც დავაარსე მეგობრებთან ერთად, დღემდე ერთადერთი მუსიკალური ინტერნეტ-ჟურნალი საქართველოში. მერე იყო “ტაბულა” და კიდევ უფრო მერე, “ლიბერალის” ბლოგერობა.

რა საჭიროა ეს ყველაფერი? ისე, უბრალოდ მინდა წარმოდგენა შეგიქმნათ ვის ნაწერებს წაიკითხავთ ამ ბლოგზე. ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე იმის გააზრება, რომ ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ჯემ-სეიშენია, სპონტანური, დაუგეგმავი ამბების კრებული, როცა მე თვითონაც კი არასდროს ვიცი რა მოხდება ან რას ვიზამ; როცა ერთადერთი, რასაც წინასწარ ვგეგმავ – მაღვიძარაა, რომელსაც ცხადია, კაცმა არ იცის როდის დაუჯდება ელემენტები და საერთოდ, გამაღვიძებს თუ არა დაგეგმილ დროს. რაღათქმაუნდა ჩემი ასეთი დამოკიდებულება არავის მოსწონს, ეს დღის განმავლობაში მოსმენილ წუწუნებზეც აისახება, თუმცა გამოსწორებას მაინცდამაინც არ ვცდილობ. არც ვთვლი, რომ გამოსასწორებელი მაქვს რაიმე. ადამიანებმა ისედაც ზედმეტად გავირთულეთ და გავახელოვნურეთ ცხოვრება და ურთიერთობები. აი მაგალითად, დადგით რუსთაველის გამზირზე ოთხფეხა ხის სკამი და კითხეთ გამვლელებს, რა შინაარსობრივ დატვირთვას მიანიჭებდნენ ამ სკამს? უამრავ ინტერპრეტაციებთან ერთად აუცილებლად იტყვის ვინმე, რომ ეს არტია, ეს პერფორმანსია, ეს ხელოვნებაა, ეს უაზრობაა, ეს მაღალი არტია, დაბალი არტია, თანამდებობის სიმბოლოა, ტოტალიტარიზმის ნიშანია… დარწმუნებული იყავით, ცოტა თუ იტყვის, რომ სკამი, უბრალოდ სკამია. ასე, ართულებენ ადამიანები ცხოვრებას იქამდე, რომ ჩვეულებრივი ხის სკამიც კი შეიძლება გახდეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი.

ხოდა, ამ ბლოგზეც ასეთ “სკამებზე” მინდა ვწერო, სკამზე, როგორც სკამზე. ვწერო მათთვის, ვისთვისაც ადამიანი არ არის გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი, ტრანსვესტიტი, დრეგ ქუინი, დრეგ ქინგი, სომეხი, ქართველი, მართლმადიდებელი, კათოლიკე, შავკანიანი თუ წითური… ვწერო მათთვის, ვისთვისაც ადამიანი უბრალოდ ადამიანია. სხვა დანარჩენი “ნიშან-თვისებები” კი ერთ-ერთი ფერია იმ პალიტრაზე, რომელსაც ჩვენი, ადამიანის ცხოვრების მოსახატად ვიყენებთ.

მაინც გრძლად გამომივიდა?

მოკლედ, გიორგი კიკონიშვილი ვარ, ამ ბლოგის ავტორი, ჩემი ფერებით და ჩემი მრავალფერებით! 🙂

4 Responses to “ავტორი”

  1. busx Says:

    http://busx.wordpress.com/page/3/ :))) ადამიანებს გვაქვს საერთო.

  2. boy25 Says:

  3. maiko Says:

    gio, dzalian saintereso adamiani xar, sxvabisgan ragacit gamorcheuli… da saintereso…

დატოვე კომენტარი